ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
2014 წელს საქართველოს ამომრჩეველი მერებს, გამგებლებსა და საკრებულოებს აირჩევს 2014 წელი საარჩევნო წელია. ამჯერად ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელდება. გასული ორი წლის არჩევნებისგან განსხვავებით ,ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გაცილებით მეტი მანდატი “თამაშდება” და პოლიტიკურ ჯგუფებსაც თვითმმართველობების დონეზე მეტი შანსები ეძლევათ.

თვითმმართველობებში დაგეგმილი რეფორმის გათვალისწინებით, არჩევითი ხდება ყველა მერი და გამგებელი. მერებს პირდაპირი წესით აირჩევს როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის, თელავის, ახალციხის, გორისა და მცხეთის ამომრჩეველი. სხვაგან ყველგან მოხდება გამგებლების არჩევა და ესეც პირდაპირი წესით.

როგორც ცნობილია, თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქების გამოყოფა და განიხილება არსებულ მუნიციპალიტეტთა ორ ან მეტ ერთეულად გაყოფის საკითხი. შესაბამისად, არჩევითი ხდება მეტი გამგებლის პოსტი და იზრდება საკრებულოების რაოდენობაც, თუმცა კონკრეტულად როგორ განხორციელდება ეს პროცესი და რომელი მუნიციპალიტეტი რამდენ ნაწილად შეიძლება გაიყოს, ამაზე ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება სახელისუფლო გუნდში ჯერ არ არსებობს. თვითმმართველობის კოდექსის პროექტიც განხილვის პროცესშია – მასზე მეორე მოსმენით მსჯელობა პარლამენტის 2013 წლის ბოლო რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო და ამავე თემით განაახლებს მუშაობას პარლამენტი, იანვრის მეორე ნახევარში.

იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი იმ ადამიანებს ირჩევს, რომელთა პირდაპირი ფუნქციაც, ადგილებზე საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაა, 2014 წლის არჩევნები სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის და პარტიებს შორის ძალების დემონსტრირების ასპარეზი იქნება. ის, რომ საკრებულოები და გამგეობები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებში განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, არაერთ რაიონში თვითმმართველობა დაპირისპირების კერად იქცა – სხვადასხვა ქალაქების საკრებულოებსა და გამგეობებში პირველი პირები შეიცვალა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” უმრავლესობა “ქართული ოცნების” უმრავლესობა გახდა. ეს ასე მოხდა თბილისშიც, სადაც შეიცვალა საკრებულოს თავმჯდომარე, დღევანდელ უმრავლესობას ყოფილი უმრავლესობა წარმოადგენს, პირდაპირი წესით არჩეული მერი კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით არის გადაყენებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ჩატარდება. კონკრეტული თარიღის გამოცხადებამდე პრეზიდენტს ჯერ ბევრი დრო აქვს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების ჩატარების ბოლო ვადა 16 ივნისია, რადგან ამის იქით მოქმედ საკრებულოებს “ვადა გასდით”.

წყარო: Ivote.ge