როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებების ან საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

იმისავის, რომ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია უნდა მივმართოთ შესაბამის საჯარო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით, განცხადებაში უნდა მიეთითოს:

  1. დაწესებულების დასახელება ან თანამდებობის პირის ვინაობა, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
  2. მოთხოვნა;
  3. თანდართული დოკუმენტების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  4.  განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი;
  5.  განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის აუცილებელია:

  • სხვა დასახელებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა  საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
  • მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიება და დამუშავება.

მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვნ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა:

  • ასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარი;
  • პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარი;
  • კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა);
  • დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარი (კომპაქტური დისკის წარდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა).

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე: საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა